თუშეთი

თუშეთი — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.
თუშეთში იანვარ-თებერვლის საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია, იანვარ-თებერვალში ჰაერის საშუალო ტემპერატურე — 13-15 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის, თოვლის საფარის ხანგრძლივობა 5-6 თვეა, ხოლო ივლის-აგვისტოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 14-15 გრადუსია.
ნალექების რაოდენობა მერყეობს 450-900 მმ-ს შორის საშუალო მრავალწლიური კი 770 მმ-ია. აქედან ნალექების 69% მოდის თბილ პერიოდში აპრილიდან-სექტემბრის ჩათვლით, 31% კი — დანარჩენ ექვს თვეში მყარი სახით. თოვლის საფარის მაქსიმალური სისქე 2 მ-ს აღწევს, მინიმალური 0.3 მ-ს.
თუშეთის ჰავა კონტინენტურია. ღრუბლიან დღეთა რაოდენობა, საშუალოდ, თვეში 5.5-ია. სეტყვა იშვიათი მოვლენაა, რაც შეეხება ხორხოშელას, იგი უფრო ხშირადაა მოსალოდნელი. აქ საშუალო სიჩქარის ქარები (7-14 მ/წმ) წელიწადში 10%-ს აღწევს. თუშეთში, ძირითადად, სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.
თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდ. განედის 42032/-42022/ და აღმ. გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობია 896 კვ. კმ. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის მუნიციპალიტეტში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები განლაგებულია 1900 მ-დან 2400 მ-მდე.
თუშეთი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის (პირიქითის) ქედი, დასავლეთით ამუგოაწუნთის ქედი, აღმოსავლეთით ბუნებრივი საზღვარი გაუყვება აკაზმა-ჭეროსთავის ქედს და მთავრდება მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ხოლო სამხრეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, ე. წ. ვადაეთის ქედი.თუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითი ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიედინება ანდის ყოისუს სახელწოდებით. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითი ალაზანი აწუნთა-ტებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).

გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლის და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.
პირიქითის ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი — ლაროვანის წყალი.
თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინება.
თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია.
ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.
თუშეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ჭაობებსაც, რომლებიც პატარა ტბების დაშრობით უნდა იყოს გამოწვეული. ისინი გავრცელებულია როგორც ალპურ და სუბნივალურ ზონებში, ისე სოფლების მიდამოებში. სოფლების: შენაქოს, ომალოს, დიკლოს, თურსიეხისა და ხახაბოს ჭაობების არსებობაზე დიდ გავლენას ახდენს გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს მდებარეობა.
თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები. „ჩიღოს წყალი“ ძალიან მარილიანია და შეიცავს ქლორიდებს, ვეძის გორის ძირში გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი, სოფელ ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან, ნასოფლართან და ჭონთიოსთან გვხვდება ტუტე-მარილიანი წყლები, ასევე ომალოსთან არის ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლი. სოფელ დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში არის რკინის შემცველი წყაროები.

No comments:

Post a Comment