ყაზბეგი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის რელიეფი მაღალმთიან ხასიათს ატარებს. რელიეფი ძირითადად კლდოვანი და ძნელად მისადგომია. განვითარებულია ეროზიული, ვულკანური და ძველ მყინვარული რელიეფის ფორმები. სპორადულად გვხვდება კარსტიც. მთავარი ოროგრაფიული ერთეულია ხევის კავკასიონი და აგრეთვე მერიდიანული შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები; გვერდითი ქედებიდან — ხოხის ქედი. ხევის კავკასიონი ვრცელდება მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და იგი მოიცავს მდინარე თერგის ზემო დინების აუზს. გვხვდება დელუვიონი და ეფუზივები. ხევის კავკასიონზე აღმართულია მწვერვალები: ესიქომი (3572 მ), საძელე (3307 მ), ქვენამთა (3152 მ) და ქაბარჯინა (3141 მ). გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია უღელტეხილი ჯვარი (2379 მ), რომელზედაც გადადის საქართველოს სამხედრო გზა. შანის ქედი — წარმოადგენს აღმოსავლეთ კავკასიონის ჩრდილოეთ განშტოებას. იგი მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადების ხდისწყლისა და არმხის წყალგამყოფი მერიდიანული ქედია. შანის ქედი მის უდიდეს ნაწილში რთული რელიეფით ხასიათდება, რაც გამოიხატება მის უსწორასწორო პროფილში. აქ მდებარე უმეტესი მწვერვალები ძნელად მისადგომი, ციცაბოკალთებიანი და კლდოვანია. შანის ქედისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შანის მასივი, რომელზეც აღმართულია ქედის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მწვერვალები. უმაღლესი მწვერვალია შანი (4451 მ). სხვა მწვერვალებია: აკაკი წერეთლის მწვერვალი (3780 მ), ილია ჭავჭავაძის მწვერვალი (3800 მ) და სხვ. 1953 წელს ქედის ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს ქალაქ რუსთავის სახელი დაერქვა. შანის ქედზე არის მცირე მყინვარები. მყინვარებისაგან განთავისუფლებული ადგილები მოფენილია მორენული მასალით (ღორღებითა და სხვ.). ყუროს ქედი — წარმოადგენს კავკასიონის ჩრდილოეთ გამყოლი ქედის ერთ-ერთ შემადგენელ განშტოებას, რომელიც ჰყოფს მდინარეებს თერგსა და ხდეს. ყუროს ქედის უმაღლესი წერტილია ყუროსწვერი (4091). ქედზე მდებარე სხვა მწვერვალებიდან, ყველაზე დიდ ყურადღებას იქცევს შინო (4048 მ), რომელიც წარმოადგენს თოვლით შესელილ ციცაბოკალთებიან პირამიდას. ქედზე გაბატონებულია ეროზიული და მყინვარული ფორმები. ზოგან კალთებზე გვხვდება მომცრო მყინვარები. ყუროს ქედი აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, რომელიც გამსჭვალულია კრისტალების შემცველი კვარცის ძარღვებით. კიდეგანის ქედი — გამოეყოფა თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ჩრდილოეთ ნაწილს. მთავარ ქედს იგი გამოეყოფა საძელისღელის უღელტეხილთან შემდეგ ვრცელდება ჩრდილოეთისაკენ და უკვე ინგუშეთის ფარგლებში ებჯინება 375 კმ სიგრძის კუესტისებურ კლდოვან ქედს. აღმართულია მწვერვალები: კიდეგანისმაღალი (4275 მ), ვაჟა-ფშაველას მწვერვალი (4200 მ), გველისმთა (3970 მ), საამღოსმაღალი (3884 მ), თათელისმაღალი (3755 მ). არის მყინვარები, მ.შ. ყველაზე მთავარია მყინვარი კიდეგანა. შანის, ყუროსა და კიდეგანის ქედები ერთიანდება ხდის მთათა ჯგუფში.
ხოხის ქედი — წარმოადგენს კავკასიონის გვერდით ჩრდილო ქედს. თრუსოს ქედი აკავშირებს კავკასიონის მთავარ ქედთან. იგი აღმოასავლეთ საქართველოში ყველაზე ვრცელი გამყინვარებით ხასიათდება. მასზე აღმართულია მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოს უმაღლესი წერტილი — მყინვარწვერი (5047 მ), რომელიც მძლავრი გამყინვარებით ხასიათდება. იგი ითვლება ჩამქრალ ვულკანურ კონუსად. ბოლო ხანებში ამ რაიონის ტერიტორიაზე აღინიშნებოდა დათბობა, რამაც გამოიწვია მყინვარების ფართობის შემცირება. ხოხის ქედზეა მწვერვალები: მაილი (4506 მ), ჯიმარაიხოხი (4780 მ), სუათისი (4466 მ), ჩათა (4099 მ),ორწვერი (4222 მ), წითიხოხი (3905 მ), სივერაუტი (3767 მ), სირხისარი (3662 მ) და სხვ.
გადასასვლელებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია მაილის უღელტეხილი (4400 მ), რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ უღელტეხილს საქართველოს ფარგლებში. ხოხის ქედის ღერძული ზოლი აგებულია დიორიტებითა და დიაბაზებით. კალთები აგებულია იურული წყებებით. ხოხის ქედის შტოქედებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ორწვერის ქედი, რომელზეც აღმართულია მწვერვალი შავნაბადა (3683).
ხოხის ქედი აღმოსავლეთით მთავრდება მყინვარწვერის მასივით, რომელსაც გააჩნია საკმაო ბევრი მოკლე შტოქედი, მ.შ. ყველაზე მნიშვნელოვანია ბართქორთი და არჩქორთი. მასივის აღმოსავლეთ კალთაზე მდებარეობს მთა ტყარშეტი (3360 მ), რომელსაც გააჩნია ვულკანური აღნაგობა. მთიდან ეშვება ამავე სახელწოდების ვულკანური ნაკადი, რომელმაც გადაკეტა თერგის ხეობა, შემდეგ მდინარემ ნაკადი გაჭრა და შექმნა ტყარშეტის კანიონი. მყინვარწვერის მასივზე ძირითადად არის ვულკანურო ფორმები.